Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები - ხორვატი ბავშვების  საყვარელი მასწავლებლები

ერთ-ერთი სასიამოვნო მოგონება  ახალგაზრდა მასწავლებლის  არა შორეული წარსულიდან  ალბათ ისაა, როდესაც შენს მოსწავლეებს, შენთან დაშორებაზე გულის სწყდებათ და  გამოსამშვიდობებლად არ ემეტები. სწორედ ასეთი შემთხვევა ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეეტის ორ სტუდენტ გოგონას, რომლებიც  დამწყები მასწავლებლის როლში, AIESEC ის გაცვლითი პროგრამით ხორვატიაში 29 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით აღმოჩნდნენ.

 

ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ანი ტიკარაძესა და რუსუდან კოკოლაშვილისთვის  ყველაფერი ლმსზე მოსულმა შეტყობინებამ გადაწყვიტა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე.  „პროგრამას ჰქონდა მოხალისეობრივი მიზანი, ჩვენი მიზანი კი იყო ახალი თავგადასავლები, ჩვენი ცოდნის გაღრმავება და მისი ბავშვებისთვის გაზიარება, ახალი კულტურის გაცნობა იყო“.

 

ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჩვენ მომავალი პედაგოგები ვართ (გოგონების მაინორი პროგრამა პედაგოგიკაა) და ამ პროგრამის საშუალებით გვქონდა შესაძლებლობა გვესწავლებინა  უცხოელი ბავშვებისთვის ენა.

 

 გოგონები მასწავლებლებად ხორვატიის ქალაქ ოსიეკში,  ჰელენ დორონის სკოლაში იყვნენ.   ჰელენ დორონის სასწავლო ცენტრები  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ენების ცენტრებია, სადაც  3 წლიდან 19 წლის ასაკამდე მოსწავლეებს იღებენ და ენებს სწრაფად და ხარისხიანად, საკუთარი მეთოდით ასწავლიან. დღეისათვის ამ ცენტრს მსოფლიოს 32 ქვეყანაში 500-ზე მეტი ფილიალი აქვს.

 

საქართველოდან და თსუ-დან ჩასული ორი  ახალგაზრდა მასწავლებლის შესახებ სტატია, ადგილობრივ გაზეთში „Glas Slavonije”,  ბეჭდური და ონლაინ ვერსიაშიც გამოქვეყნდა. მასში საუბარი აისეკის, სახელმწიფო უნივერსიტეტის და რა თქმა უნდა,თავად გოგონების შესახებ იყო, რომლებიც პატარებს საკმაოდ მარტივად ასწავლიდნენ  უცხო ენას. სწავლის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმაც კარგი დახასიათება მისცა სტუდენტებს მომავალი დამსაქმებლებისათვის. 

 

ცნობისათვის, ეს საზღვარგარეთ გოგონების პირველი მოგზაურობა იყო.

 

„რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ გაცვლითი პროგრამები საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და რეალიზებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ერაზმუს + გაცვლით  პროგრამებში  მონაწილეობის საშუალება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სტატუსით დაწყებით კურსებზეც გვქონდა, ვფიქრობდით, რომ ჯერ არ ვიყავით მზად დამეროუკიდებლად უცხო ქვეყანაში წასასვლელად.   ვიცოდით, რომ ეს ყოველივე    გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული რომლისთვისაც მზად არ ვიყავით.  რაც შეეხება ერაზმუსს +, ვფიქრობდით,  რომ ნაცვლად სასწავლო პროგრამის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა  სამუშაო პრაქტიკით წავსულიყავით საზღვარგარეთ და გამოცდილება ამ მხრივ მიგვეღო. ვინაიდან და რადგანაც ეს საზღვარგარეთ  ჩვენთვის პირველი მოგზაურობა იყო, რა თქმა უნდა იყო პატარა სირთულეებიც, თუმცა ერთად ყოფნამ ყველაფერი შეგვაძლებინა.თავისთავად ეს გამოცდილება ძალიან წაგვადგება, რომ ვიყოთ საუკეთესონი ჩვენს საქმეში“, - აღნიშნავს ანი.

 

„ზოგადად გვიყვარს თავგადასავლები, ერთად ყოფნა, გვინდა ბევრი ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, გავიჩინოთ ახალი მეგობრები და ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით ვიცხოვროთ. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ხორვატიაში ყოფნის პერიოდში ჩვენს ჯგუფთან  ბოლო გაკვეთილი იყო, რომლის დასრულებაც ჩვენს მოსწავლეებს არ უნდოდათ, ბოლოს კი ყვავილებით  სამახსოვრო საჩუქრებით დაგვემშვიდობნენ.  ჩვენ ჩვენის მხრივ, ბავშვებთან ერთად სამახსოვროდ შევქმენით მეგობრობის ხე, რომელიც  ჩვენი თითს ანაბეჭდებით გავაფორმეთ და რომელიც ამშვენებს ჰელენ დორონ ოსიეკის კედელს“,- ამბობს რუსუდანი.

 

„საინტერესოა, რომ ინგლისური ენის მომავალ სპეციალისტებს,  ახლო მომავალში სწავლის გაგრძლება გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე სურთ.   „გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა განათლების ძლიერი სისტემით და გვსურს რომ განათლება რომელსაც თსუ გვაძლევს , იქ  გავიღრმაოთ.  რაც შეეხება გერმანულ ენას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოგვცა შესაძლებლობა,  რომ ერთი წლის განმავლობაში გერმანული ენა შეგვესწავლა , რაც ძალიან დაგვეხმარება მომავალში,“- განმარტავენ მეგობრები.

თარიღი: 10/10/2023